მანამდეც და მას შემდეგაც კიდევ ბევრი ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური თუ ეკონომიკური ძალადობის ფაქტი დაფიქსირებულა. საქართველოში წელს პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან ქალთა მკვლელობის 20-ზე მეტი შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევები 92.3%-ით გაიზარდა. კერძოდ, შსს-ს დეტალური სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის სექტემბერში აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2014 წლის სექტემბერში - 50 ფაქტი.

ქალების 38, ხოლო მამაკაცთა 54% მიიჩნევს, რომ ცოლმა ოჯახის შენარჩუნების მიზნით გარკვეული შეურაცხყოფა უნდა აიტანოს. აქ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროცნეტულად ოჯახის შენარჩუნების მიზნით ქალმა მეტი შეურაცხყოფა უნდა აიტანოს, ვიდრე მამაკაცმა." (საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით ჩატარებული კვლევა)
მთლიანობაში, ყველა კვლევის შედეგები ერთად აჩვენებს, რომ "საქართველო კვლავ მასკულინური, პატრიარქალური ქვეყნაა, რომელში, დომინანტური პოზიცია კაცებს უჭირავთ... რომ კაცები მეტად ამართლებენ ამგვარ დომინანტურ პოზიციას, ვიდრე ქალები. ქალებმა კი იციან, რომ მათი როლი დაქვემდებარებულია და რომ ბევრი რამის დათმობა უწევთ. ამან, თავის მხრივ, არ შეიძლება არ გამოიწვიოს სტრესი, უარყოფითი ემოციები. ამის კომპენსაციისთვის, ქალები ირჩევენ ტანჯულის როლს და ამით ამაყობენ. მათი აზრით, ქართველი ქალი, სხვა ქვეყნის ქალებთან შედარებით, მეტი ამტანობით გამოირჩევა. მით უმეტეს, რომ საზოგადოებაც მოითხოვს ქალისაგან, მოითმინოს შეურაცჰყოფა ქმრისგან ოჯახის შენარჩუნების მიზნით და იყოს ამტანი, ნაზი, დამთმობი, ოჯახის ერთგული ადამიანი. "
ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი გენდერული უთანასწორობაა, რომელსაც ადგილი აქვს ყველა სფეროში და ფესვები აქვს გადგმული საზოგადოების ცნობიერებაში. The Global Gender Gap Index 2014 წლის მონაცემებით საქართველო 85–ე ადგილზე იმყოფება –142 ქვეყანას შორის, ხოლო პირველ ხუთეულში სკანდინავიის ქვეყნები ისლანდია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი და დანია ინაწილებენ პოზიციებს.
რამდენიმე წლის წინ სწორედ ამ ინდექსის მესამე ადგილას მყოფ ქვეყანაში, ნორვეგიაში გავიარე კურსი სახელწოდებით „გენდერული თანასწორობა სკანდინავიის ქვეყნებში“. ერთ–ერთ ლექციაზე ვახსენე რომ საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის და ოჯახში ძალადობის პრევენციის პროექტების უმრავლესობა ნორვეგიის მთავრობის და შვედეთის მსხვილი ორგანიზაციების: შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) და შვედური ფონდის“ ქალები-ქალებისთვის“ (Kvinna Till kvinna) მიერ არის დაფინანსებული.
ამ ფაქტმა ჩემი ამერიკელ და აფრიკელ ჯგუფელები გააკვირვა და ლექტორს ჰკითხეს თუ რატომ ეხმარება სკანდინავია საქართველოს ასე აქტიურად. ჩემს ლექტორს ამის თავისებური ახნსა ჰქონდა. ის, რომ საქართველო ახლოსაა ევროპასთან, რომ ადრე თუ გვიან ალბათ ევროპაშიც შევა და რომ გახსნილი საზღვრების და დიდი მიგრაციის შემთხვევაში - ნორვეგიას არ სურს საქართველო და მისნაერი ქვეყნები ჩამორჩენილი იყვნენ ისეთ ძირეულ საკითხებში, როგორიც არის გენდერული თანასწორობა.
მე კიდე არ მსურს ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც ნორვეგია უფრო მეტს აკეთებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ თავად. დღეს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი კამპანია იწყება, შევუერთდეთ მას, ყველამ იმ გზას და საშუალებას მივმართოთ, რაც გამოგვდის და შეგვიძლია და „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“